თბილისი, 20 მაისი - Sputnik. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით, დღევანდელი მონაცემებით, 29 547 ადამიანია დარეგისტრირებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
300-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინ რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.
კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
კერძოდ, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, ან არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი.
პირველ ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები; მეწარმე ფიზიკური პირები; პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები; ინდივიდუალური მეწარმეები.
კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა. მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
იმ თვითდასაქმებულებმა კი, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან შემოსავლების სამსახურში, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი – მაგალითად, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია; საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი და სხვ.
გიორგი გახარია The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა >>
განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში თვითდასაქმებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.