თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, თბილისის ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც თავიდან აგვისტოში უნდა ჩაბარებულიყო, წლის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წლის ბოლოსთვის მერია სრულად შეცვლის ე.წ. ყვითელ ავტობუსებს.
„ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოება ჩვენს მიდგომებს იცნობს, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული, სწრაფი და კომფორტული. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია რამდენიმე ნაბიჯი – დაიწყო არსებული ავტოპარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და ჰაერის დაბინძურების კუთხით ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენდა. წლის ბოლოს „ყვითელი ავტობუსები“ მთლიანად შეიცვლება და თბილისში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 6“ ტიპის ავტობუსები იმოძრავებენ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მერია ამ დროისთვის თბილისში 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას ელოდება, უახლოეს მომავალში კი დამატებით იგეგმება კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.
კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიას რეფორმის განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკი ეხმარება, რომელიც ქალაქის საერთო სატრანსპორტო გეგმაზე მუშაობს. გარდა ამისა, ავტობუსების ქსელისა და მიმართულებების განვითარებაში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.
გენგეგმამ უნდა განსაზღვროს საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, სადისტრიბუციო ავტომობილების, ველოსიპედების, ასევე ქვეითი მოძრაობის განვითარების ყველა ასპექტი. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
დოკუმენტზე მუშაობა 2019 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს.