თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ადამიანები, რომლებიც ელიავას ბაზრობაზე არიან დასაქმებული, ყურადღების გარეშე არ დარჩებიან, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, დაახლოებით ორი თვის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სავაჭრო წერტილების მფლობელებთან შეხვედრა გამართა და ბაზრობის პერსპექტივის საკითხები განიხილა.
მათ ტერიტორიის განვითარების კარგი მოდელი შესთავაზეს, რომლის ფარგლებშიც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება აღნიშნული ტერიტორიის სანიტარული და ეკოლოგიური პრობლემები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხოება.
ბითაძის სიტყვებით, მერია თავად მოამზადებს აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების გეგმას.
„თითოეულმა მესაკუთრემ გამოთქვა თანხმობა, მონაწილეობა მიიღოს პროექტის გეგმის შემუშავებაში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათ ბიზნესს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, პირიქით, ჩვენი მთავარი მიზანია ეკოლოგიურად და შრომის უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოუწესრიგებელი ტერიტორიის ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგება. ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა ბითაძემ.
ე.წ. ელიავას ბაზრობა, რომელსაც 15,5 ჰა ფართობი უკავია, არაერთხელ გამხდარა თბილისის მთავრობისა და მოსახლეობის კრიტიკის საგანი – ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, ბევრი სამშენებლო მასალა ღია სახით იყიდება და გარემოს აბინძურებს. ცალკე პრობლემაა, რომ ბაზრობა, რომელიც ასეთ პირობებში ფუნქციონირებს, ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ელიავას ბაზრობა თბილისის ცენტრში 1995 წელს გაჩნდა. დღეს იგი წარმოადგენს მაღაზიებისა და სავაჭრო დახლების ერთობლიობას, სადაც ძირითადად სხვადასხვა დასახელებისა და წარმოების სამშენებლო პროდუქცია იყიდება.
2019 წლის მონაცემებით, ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, სავაჭრო წერტილების მესაკუთრე კი დაახლოებით 150 იურიდიული და ფიზიკური პირია.
ელიავას ბაზრობის სავაჭრო ობიექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მლნ ლარი შედის, რაც საერთო საგადასახადო შემოსულობების დაახლოებით 1,5%-ია.