თბილისი, 19 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, და ეს გამოჯანმრთელებულთა რიცხვზე ნაკლებია, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
ამავდროულად ბოლო ერთ დღეში სრულად გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა 143 ადამიანი. ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 71 წლის პაციენტს აღენიშნებოდა ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და მან მიოკარდის ინფარქტი გადაიტანა.
თებერვლის ბოლოდან დაწყებული, აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 3518 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 2198 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან. 41 პაციენტი გარდაიცვალა ქრონიკული დაავადებების გართულებისგან.
COVID-19-ით 1279 ინფიცირებულის მკურნალობა განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში გრძელდება. აქედან 41 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 59-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 240 220 ტესტი ჩატარდა.