თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეზღუდვების დაწესების საშუალებას აძლევს, პარლამენტში ჯერ კიდევ რეგისტრაციის ეტაპზე სერიოზული კამათი გამოიწვია.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება: გახარიამ ბრძანება გამოსცა >>
ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისს იწურება. მთავრობაში უკვე განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა მოქმედი შეზღუდვების ნაწილი შენარჩუნდება.
იმისათვის, რომ მთავრობას მოქმედების შესაძლებლობა ჰქონოდა, პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ცვლილებების პაკეტის ინიცირება მოახდინეს.
პარლამენტის ბიუროზე წარდგენილი ცვლილებების თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში გაჩნდება ორი ახალი ტერმინი - „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“, და შესაბამისი მითითებები, რომლებიც მთავრობას ამ ზომებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას აძლევს.
ტერმინი „იზოლაცია“, რომელიც კანონმდებლობით ითვალისწინებს ინფიცირებული ადამიანების სხვა ადამიანებისგან განცალკევებას და ისეთ პირობებში განთავსებას, რომლებიც გარშემომყოფთა ინფიცირებისგან დაცვას უზრუნველყოფს, ოპოზიციას და მმართველ პარტიას კითხვებს არ უჩენს.
თუმცა ტერმინმა „საკარანტინო ღონისძიებები“ და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებამ ოპოზიციაში კითხვები გააჩინა.
განმარტების თანახმად, „საკარანტინო ღონისძიებები“ - ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ არსებობს მისი დაინფიცირების რისკი.
გარდა ამისა, ეს განმარტება გულისხმობს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხების რეგულირებას იმ წესებით, რომლებიც განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისგან, აგრეთვე მოქალაქეების გადაადგილების უფლებას, საკუთრების უფლებას, შრომითი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებებს, აგრეთვე ხალხის შეკრების უფლებას სოციალური და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.
ოპოზიცია არასწორად მიიჩნევს ამგვარი ტერმინების შემოღებას ცვლილებებში იმგვარი მითითების გარეშე, რომ მთავრობა ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას შეზღუდვების შესახებ პარლამენტის თანხმობის გარეშე.
„ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, რომ შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება ადამიანებისა, თავშეყრის, გამოხატვის ყველა უფლება, ჩაკეტოს ქალაქები და ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს. ყველა ეს ნორმა (პროექტში), უნდა ჩაიწეროს, რომ „საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას“, - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
ამ თვალსაზრისს ეთანხმება სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლებისთვის ამხელა ძალაუფლების მინიჭება წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ნეგატიურად აისახოს არჩევნების თავისუფლებაზე და თუ მთავრობას სურს მსგავსი შეზღუდვების დაწესება, მან არჩევნები უნდა გადადოს.
ოპოზიციის პრეტენზიებზე საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეზღუდვები საჭიროა პანდემიისგან დასაცავად.
„ცვლილებები კი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, ვინაიდან ეს კანონი მართლაც ბევრი წლის წინ არის მიღებული, აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს შეზღუდვები და ეს პრევენციული ზომები, რომლებიც რეალურად დღეს ჩვენ გვჭირდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ზომები ინფექციის გავრცელების შეკავების ახალ ეტაპს წარმოადგენს.
„ჩვენ მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როდესაც უფრო ლოკალური ხასიათის, უფრო შევიწროებული იქნება ის ღონისძიებები და შეზღუდვები, რომლებიც მაინც საჭირო რჩება ჯერჯერობით, ვიდრე ინფექციის სრული განეიტრალება არ მოხდება ან არ მოხდება მისი სრული ლოკალიზება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება და მუშაობა ახალ პირობებში მოუწევს.
საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ევროპაში. ექსპერტების თვალსაზრისით, ეს მიღწეულია დროულად შემოღებული შეზღუდვების და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და 19 მაისისთვის 707-ს შეადგენს. აქედან 456 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.