თბილისი, 19 მაისი - Sputnik. პარკი „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც 2,4 მლნ დოლარზე მეტია გამოყოფილი, დასკვნით ეტაპზეა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაოები ითვალისწინებს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და პარკის სრულად განახლებას.
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში პარკში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები, გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.
პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველობილიკები, დაიდგა სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნური ტბა, სკეიტბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები.
განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ.
პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება.