თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების და კიევის „დინამოს" ყოფილი მცველი კახა კალაძე, ახლა კი თბილისის მერი, აღიარებულია საუკეთესო ქართველ ლეგიონერად უკრაინის ფეხბურთის ჩემპიონატების ისტორიაში, სპორტული გამოცემა sport.ua-ს ვერსიით.
„დინამოს“ შემადგენლობაში კალაძე გახდა სამგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი. ის იყო იმ „დინამოს" ძირითადი მოთამაშე, რომელსაც 1999 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ერთი ნაბიჯი აშორებდა.
„კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში კალაძემ მხოლოდ ორნახევარი სეზონი გაატარა, მაგრამ ეს სეზონები იმდენად ბრწყინვალე იყო, თვითონ კი იმდენად დამაჯერებელი და არასტანდარტული, რომ დამსახურებულად უკავია ჩვენი რეიტინგის პირველი სტრიქონი”, - წერს გამოცემა.
კალაძის თამაშის აღწერისას, sport.ua აღნიშნავს ფეხბურთელის უნივერსალიზმს. კიევში მოთამაშეს იწვევდნენ ცენტრბეკის პოზიციაზე, მაგრამ „დინამოში“ კალაძე ძირითადად მარცხენა მცველის ან საყრდენი ნახევარმცველის ადგილი ეკავა. ის იყო ხისტი და დაუთმობელი საფეხბურთო მოედანზე, გამოირჩეოდა მაღალი ფუნქციონალური მზადყოფნით, შეეძლო არა მხოლოდ განადგურება, არამედ შექმნა. ხშირად უერთდებოდა შეტევებს.
2001 წელს კალაძე 16 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა მილანში, სადაც ცხრა წლის განმავლობაში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გახდა იტალიის ჩემპიონი, ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელი, ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.
უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ქართველ ლეგიონერთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა გეორგი დემეტრაძემ. თავდამსხმელი უკრაინაში 1999 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდა სამ კლუბში: კიევის „დინამოში“, „მეტალურშგი“ და „არსენალში“.
მესამე ადგილზეა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი ჯაბა კანკავამ, რომელიც უკრაინაში თამაშობდა „არსენალში“, „კრივბასში“ და „დნეპრის“ შემადგენლობაში.
„არხ ისე მაღალი, არც ისე ძლიერი, მაგრამ ძალიან მოხერხებული და გამძლე ნახევარმცველი -ედგარ დავიდსის ერთგვარი ქართული ნაირსახეობა”, - აღწერს კანკავას sport.ua.
უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების სრული სია:
1 - კახა კალაძე (კიევის „დინამო“)
2 - გიორგი დემეტრაძე (კიევის „დინამო“, „მეტალურგი“, „არსენალი“)
3 - ჯაბა კანკავა („არსენალი“, „კრივბასი“, „დნეპრი“)
4 - ავთანდილ კაპანაძე („ტემპი", „ნივა")
5 - მიხეილ ფოცხვერია („ზარია“, „მეტალურგი“, „შახტარი“, „დნეპრი“)
6 - დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეც“, „შახტარი“)
7 - ჯაბა ლიპარტია („ზარია", „არსენალი")
8 - ლაშა ჯაკობია („მეტალისტი“, „არსენალი“, „გოვერლა“)
9 - გოჩა ჯამარაული („მეტალურგი“)
10 - ვასილ გიგიაძე („თავრია", „კრივბას", „ნეფტიანიკი").