ბოლნისში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

© photo : Irakli Garibashvili / FBბლოკპოსტი ბოლნისში
ბლოკპოსტი ბოლნისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების თაობაზე ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაში 18 მაისიდან შედის

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა იზოლაციაში 15 მაისიდან მოექცა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა,  სოფელ მუშევანში კი უსაფრთხოების წესები 25 აპრილიდან გამკაცრდა.

სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, სოფელ მუშევანში  კი, დღეს დადასტურებული ორი შემთხვევის გათვალისწინებით, უკვე 40-მდე გაიზარდა.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ქართველი ექიმები ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს ადგენენ

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე კორონავირუსის 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ბოლნისი და მარნეული პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც 23 მარტს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ვინაიდან 18 მაისს მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უქმდება, მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების თაობაზე ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაში სწორედ 18 მაისიდან შედის.

ბოლნისში ყველა სახის მიმოსვლის აკრძალვა გულისხმობს:

•        ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე);

•        ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;

•        ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.

მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 683  შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 619, გარდაიცვალა 12.

 

ყველა ახალი ამბავი
0