პირველი ქართველი ქალი-გენერალი: ამბავი თამილა აყიშვილისა

© Pixabay / Oregongalსამხედრო პატივი
სამხედრო პატივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის ისტორია, პრაქტიკულად, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ერთი დიდი ბრძოლაა, რომელიც 1918-21 წლებში შეუსვენებლად მიმდინარეობდა.

ამ ომისას ქართველთა შორის გამოჩნდნენ ნიჭიერი მხედართმთავრები, რომელთა გმირობისა და თავდადების საოცარი მაგალითები ისტორიამ შემოგვინახა. მაგალითად, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, რევაზ მუხრანბატონი, არტემ ჯიჯიხია და ბევრიც სხვა.

თამილა აყიშვილი 1895 წელს დაბადებულა. ეს ნაკლებად ცნობილი გვარი XIII საუკუნიდან მოიხსენიება ქართულ საისტორიო წყაროებში და უმეტესწილად – ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის.

თამილა აყიშვილი რუსეთის იმპერიის ჯარში ჩარიცხულა 1915 წელს — მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილს თავი გადაუპარსავს, რომ მისი სქესი ვერ გაეგოთ.

თავდაპირველად სანიტრად მსახურობდა და ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავდა. ამისთვის დაუჯილდოებიათ კიდეც — გენერალ ნიკოლაი დუხონინს საგანგებო პატაკში მოუხსენებია, რომ სანიტარს ერთ დღეს 50 დაჭრილის გადარჩენა მოუხერხებია. 

მატარებლის ლიანდაგი - Sputnik საქართველო
იუნკერის წერილი: სულ მესიზმრება, თითქოს საქართველოში მიმავალ მატარებელზე მაგვიანდება…

ორიოდ წელში უკვე კაპიტნის წოდება მიუნიჭებიათ აყიშვილისთვის, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ქართულ ჯარში დაუწყია სამსახური გენერალ მაზნიაშვილთან.

აფხაზური კამპანიისას მეტად გამოუჩენია თავი – პირადად უმეთაურა სამ ბატალიონს და გაგრა დაიკავა. მაზნიაშვილმა კარგად დაინახა 23 წლის თამილას სამხედრო ნიჭიერება, მისივე გათავისუფლებული გაგრის კომენდანტად დაინიშნა და ნოე ჟორდანიასთანაც გაუწია რეკომენდაცია მისთვის გენერლის წოდების მინიჭების მოთხოვნით. მაზნიაშვილი, თურმე, ხუმრობით დალის ეძახდა მას, ნადირობის ქალღმერთის მსგავსად. მოგვიანებით ყველას აუტაცებია ეს სახელი.

აჭარაში შემოჭრილ თურქებთან ომისას კიდევ ერთხელ გამოუჩენია თავი თამილა აყიშვილს, როდესაც ქობულეთთან ორი ასეულით ოსმალთა მთელ კორპუსს დაახევინა უკან. სომეხ დაშნაკებთან ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მაშინ ჭრილობას იშუშებდა.

1921 წელს სამხედრო საბჭოს წევრი გამხდარა. ეს ის დროა, როდესაც რუსეთიდან წამოსული საფრთხის გამო სამხედრო სამსახურში დააბრუნეს მანამდე „რატომღაც“ შერისხული ორი უწარჩინებულესი გენერალი — მაზნიაშვილი და კვინიტაძე. ერთ-ერთი სხდომისას თამილას ურჩევია საბჭოსთვის, არ შეიძლება რუსებისთვის აზერბაიჯანის დანებება, რადგან ჩვენზე შეტევისთვის ჩინებული პლაცდარმი შეექმნებათო, მაგრამ ნოე ჟორდანიას დაუჟინია და ეს გეგმა არ მიუღიათ. 

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად - Sputnik საქართველო
სარდალი, მემაწვნე და ჯეიმს ბონდის შეყვარებულის ბაბუა - გენერალი კვინიტაძე

თბილისის ალყისას გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად ქალაქის მარცხენა ფლანგს იცავდა, რომლის გარღვევაც რუსმა ბოლშევიკებმა ბოლომდე ვერ შეძლეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი, ემიგრაციაში წასვლის ნაცვლად, პარტიზანული ბრძოლა გაუგრძელებია. მიუვალ ტყეებში გამაგრებული მისი რაზმი თურმე მოსვენებას არ აძლევდა მტერს.

ის კი არა, ქალებისგან მზვერავთა რაზმი ჩამოუყალიბებია და მათი მეშვეობით მოწინააღმდეგეზე მუდამ ერთი ნაბიჯით წინ ყოფილა.

1924 წელს თამილა აყიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებს შეურთდა და მათთან ერთად განაგრძო ბრძოლა. სამშობლო არც ქაქუცას მარცხის მერე დატოვა, ისევ საქართველოს ტყეებს შეაფარა თავი...

ამის შემდეგ პირველი ქართველი გენერალი ქალის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ერთი საარქივო დოკუმენტით, 1926 წელს ყაზბეგის მიდამოებში შეუნიშნავთ იგი. შემდგომი ბედი კი უცნობია, არც ვინმეს მემუარებში და არც საბჭოთა საარქივო მასალებში თამილა აყიშვილზე არანაირი ცნობა აღარ მოიპოვება... 

 

ყველა ახალი ამბავი
0