კობახიძე: ორი  კრიმინალის შეწყალებისას ზურაბიშვილს ალბათ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებამდე მმართველ პარტიას პრეზიდენტთან  კომუნიკაცია არანაირ ფორმატში არ ჰქონია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა  მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. როგორც მან განმარტა, ეს გადაწყვეტილება ჰუმანურ პრინციპებს კი არა,   მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ეფუძნება.

კობახიძის თქმით, ბიუჯეტის ქურდები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას.

„გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ 2 კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ მათი გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას“, -განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.

„ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტ-კრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო  მეორე ნაწილი კი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული“, - აღნიშნა მან.

კობახიძის განცხადებით, ახლა საზოგადოების მთავარი ინტერესი სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა და ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

 

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/

ყველა ახალი ამბავი
0