თბილისი, 14 მაისი - Sputnik. ქართული ოპოზიცია თბილისის ცენტრში აქციის გამართვის შესაძლებლობას განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან სამზე მეტი პირის შეკრება ნებადართული იქნება. ამასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ ძალაში რჩება.
„მე ოპოზიციაში ჩემს კოლეგებს შევთავაზე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დისტანციის დაცვით დიდი სახალხო შეკრება გაიმართოს, ისინი ამ საკითხს განიხილავენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი სიტყვებით, აქცია რუსთაველის გამზირზე ე.წ. გავრილოვის ღამის წლისთავს მიეძღვნება.
შალვა ნათელაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელია, თუმცა მისი პარტია შედის გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის ირგვლივ გაერთიანდა.
საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობდნენ, არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მანიფესტანტები პარლამენტში შესვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი დაშავდა.