თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სავარაუდოდ კორონავირუსთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომით ნიუ-იორკის შტატში უკვე ასამდე ბავშვი და მოზარდია დაავადებული, განაცხადა პრესკონფერენციაზე შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.
აღსანიშნავია, რომ შტატებში ანთებითი სინდრომით უკვე გარდაიცვალა სამი ბავშვი.
„თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს ვირუსი ბავშვებზე არ მოქმედებს. ახლა კი საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელიც ძალიან გვაშფოთებს. გვაქვს ანთებითი დაავადების ასამდე შემთხვევა, რომლებიც, როგორც ჩანს, COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს უკავშირდება“, — აღნიშნა კუომომ.
გუბერნატორის მონაცემებით, აღნიშნული სინდრომით დაავადებულთაგან ერთ წელზე ნაკლები ასაკისაა 5%, ერთიდან ოთხ წლამდე —18%, ხუთიდან ცხრა წლამდე — 29%, 10-დან 14 წლამდე — 28%, 15-დან 19 წლამდე — 16%, ხოლო 20-დან 21 წლამდე — 4%.
სახიფათო და იშვიათი: ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევების რაოდენობა იზრდება>>
მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის წარმომადგენლებმა (NHS) დაგზავნეს შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ქვეყნის მასშტაბით იზრდებოდა ბავშვებში ანთებითი სინდრომის შემთხვევები, რა დროსაც პაციენტებს ეწყებოდათ ტკივილები მუცლის არეში და გულის პრობლემები. მათი ვარაუდით, ეს შესაძლოა კორონავირუსთან ყოფილიყო დაკავშირებული.