თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოში ზაფხულის სეზონი მშვიდი იქნება, თუმცა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 30–40 ახალი პაციენტის მიღებას უპრობლემოდ შეძლებს.
„ქვეყანაში ყოველდღიურად 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს, არ იქნება პრობლემა. ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პრობლემის გარეშე ვერ აუვა და ვერ მოუვლის სათანადოდ თითოეულ პაციენტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ხელისუფლებაც მშვიდ ზაფხულს პროგნოზირებს და შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის 1 ივლისიდან გახსნას გეგმავს.
ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სეზონის გახსნისთვის ქვეყნის ხელისუფლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან კონკრეტულ რეკომენდაციებს ელოდება.
ასევე მიღწეულია შეთანხმება სექტემბერში საქართველოში ტურიზმის მინისტერიალის გამართვის შესახებ, რომელზეც განხილული იქნება, თუ როგორ მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება და ეს იქნება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ტურიზმის კუთხით ჩატარებული პირველი ღონისძიება.