თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რუსეთში არასამუშაო დღეების პერიოდი ეკონომიკის ყველა სფეროსთვის 12 მაისიდან დასრულდება, ქვეყანა შეზღუდვების რეჟიმიდან გამოსვლას იწყებს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„12 მაისიდან არასამუშაო დღეების პერიოდი მთელი ქვეყნისთვის და ეკონომიკის ყველა სფეროსთვის მთავრდება. მაგრამ არ მთავრდება ეპიდემიასთან ბრძოლა. საშიშროება შენარჩუნებულია იმ ტერიტორიაზეც კი, სადაც ვითარება შედარებით უკეთესია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეპიდემიის ახალი ტალღა და მძიმე გართულებების ზრდა. შეზღუდვების რეჟიმიდან გამოსვლა სწრაფი არ იქნება, ამას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის ყველა ეტაპზე აუცილებელი იქნება როგორც ზოგადი სანიტარული მოთხოვნების, ისე დამატებითი პროფილაქტიკური ზომების დაცვა რეგიონებში.
ამასთან პრეზიდენტმა მიმართა ქვეყნის ასაკოვან ადამიანებს და მოუწოდა, კიდევ ცოტა ხანს გაუძლონ შვილებისა და შვილიშვილების უნახაობას.
„შეზღუდვების რეჟიმი ჯერჯერობით იმის გამოა შენარჩუნებული, რომ თქვენ გამო ვღელავთ და ყველაფერს ვაკეთებთ ვირუსისგან თქვენ დასაცავად — რომ ამ საფრთხემ მალე გაიაროს“, — აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიღებულია ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდამჭერი ზომების ახალი პაკეტი.
„ეპიდემიამ და მის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მძიმედ დაარტყა ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს, ზიანი მიაყენა მილიონობით ჩვენს თანამემამულეს. ბევრს შემოსავლები დაუქვეითდა, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯები და ვალები გაიზარდა. ეს ეხება სხვადასხვა დარგებში დასაქმებულ ხალხსა და მცირე მეწარმეებს… ახლა, როდესაც შეზღუდვების რეჟიმიდან გამოსვლას ვიწყებთ, როდესაც ადამიანებსა და ბიზნესებს ბევრი პრობლემა დაუგროვდათ, საჭიროა დამატებითი ზომები, მოქალქეებისთვის პირდაპირი დახმარებები“, — აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, შეჭირვებული ოჯახები ბავშვებით თითო ბავშვზე უკვე ივნისში ექვსი თვის თანხას — დაახლოებით 33 ათას რუბლს ერთიანად მიიღებენ. გარდა ამისა, იზრდება შემწეობების რაოდენობა დაუსაქმებელი მოქალაქეებისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის და ა.შ.
ამასთან პუტინმა გასცა დავალება, სრულად ჩამოეწეროს მეორე კვარტლის გადასახადები და სადაზღვევო შენატანები კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სულ რუსეთის 85-ვე რეგიონში კორონავირუთ ინფიცირების 221 344 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 2009 ადამიანი და განიკურნა 39 801 პაციენტი. COVID-19-ის ყველაზე მეტი რაოდენობა დარეგისტრირდა მოსკოვში — 115 909 კაცი.