ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟის სანის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი ტაბიძე რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე მსახიობი ნინა ლორთქიფანიძეა.
როგორც გოგონა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ჰყვება, მათი სიყვარულის ისტორია სერიალის გადასაღები მოედნიდან დაიწყო. ერთმანეთს თეატრალური უნივერსიტეტიდან იცნობდნენ, სადაც ჯგუფელები იყვნენ, თუმცა გადაღებებმა ისინი დააახლოვა და სიყვარულიც მოვიდა.
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი პერსონაჟი სანი დაახლოებით სამი წლის წინ გამოჩნდა. ის ჩიკას უფროსი ვაჟი და ე.წ. დაჯგუფება „მარქსიანელების“ დამაარსებელია. სიუჟეტის მიხედვით, დაჯგუფება ბიზნესმენებს ებრძვის და გაჭირვებულ ხალხს ეხმარება. სანის პერსონაჟის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესია, განსაკუთრებით გოგონების მხრიდან, რომლებიც, როგორც გიორგი ტაბიძე ინტერვიუებში აღნიშნავს, ხშირად ანებივრებენ ყურადღებით.