თბილისი, 11 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 18 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს ფონიჭალაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორ მოქალაქეს შორის ჩხუბი მოხდა. მათგან ერთ-ერთმა ბინიდან სანადირო თოფი გამოიტანა და მამაკაცს ესროლა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტს შეესწრო ერთ-ერთი მეზობელი და გაშველების მიზნით მამაკაცს ავტომობილის საბურავი ესროლა. თუმცა, სანაცვლოდ ზურგში ტყვია მიიღო. დაჭრილმა ერთ-ერთ სადარბაზოს შეაფარა თავი.
ინციდენტის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს, 7 სექტემბერს დააკავა.
დაკავებულს ბრალდება წარედგინა სსკ-ის რამდენიმე მუხლით: განზრახ მკვლელობა, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება.
ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო.