თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში დღეიდან მუშაობას იწყებს ყველა ტიპის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელთაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ და არ ვაჭრობენ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი ასევე არ ეხება სავაჭრო ცენტრებს.
გიორგი გახარიამ აქვე აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობამ შეიძლება ეკონომიკის გახსნის ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულების ვადები დააჩქაროს ან, პირიქით, შეანელოს იგი.
„დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, საბედნიეროდ, ჩვენი ექიმებისა და მოქალაქეების ყოველდღიური მუშაობისა და პასუხისმგებლიანი მოქმედებების წყალობით ჩვენ შევძლებთ გარკვეული სექტორების გახსნის დაჩქარებას, ისევე, როგორც ჩვენ დავაჩქარეთ ერთი კვირით ადრე მშენებლობისა და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა სახის წარმოების გახსნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ორშაბათიდან, 11 მაისიდან ჩვენ ყველა სახის წარმოებას გავხსნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეიდან ასევე მოიხსნა თბილისში შესვლა–გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.