თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულება - თავის მრავალწლიან და გადაუჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარი შენობის არარსებობას ეხება, მორიგ განცხადებას ავრცელებს.
ის ტერიტორია, რომელზეც კლინიკაა განთავსებული, 2009 წელს გაიყიდა. შენობა კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ გააჩნიათ სათანადო ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და ვერ არემონტებენ შენობას, ვინაიდან ის კერძო საკუთრებაშია გადაცემული.
შენობა იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ გავიდა წლები, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებულია ძველ ადგილზე დარჩეს, თანაც პრაქტიკულად უუფლებოდ.
როგორც ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 8 მაისს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ინტენსიურად იძებნება ახალი ადგილი. თუმცა, ცნობილი არ არის, ახალი შენობა აშენდება თუ რომელიმე უკვე აშენებული ნაგებობა შეირჩევა.
„მსგავსი განცხადებები მეათე წელია კეთდება, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არა გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“, - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.
ინფექციური საავადმყოფოს გუნდი პერიოდულად საპროტესტო აქციებსაც მართავს. ბოლოს ისინი 2019 წლის ნოემბერში კომპანია „ავერსის“ მიერ ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
სახელმწიფომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის აშენების პირობა დადო, რომელიც 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდებოდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. მაგრამ შენობა ჯერ კიდევ არ არის აშენებული.
ამასთან, კომპანია „ავერსის“ განცხადებით, 2019 წლის 1 იანვრიდან ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი შენობაში უკანონოდ იმყოფება.