თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ს ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ 30 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი ნახა, რაც ერთი ადამიანის მიერ კრიზისის დროს დაკარგული თანხის მაქსიმუმია, იუწყება Bloomberg Billionaires Index.
#World Bernard Arnault biggest loser during pandemic USD $30 Billions / Mayor perdedor durante la pandemia USD $30 Billones .... pic.twitter.com/fMwqlgiE7n
— jysinvestments (@jysinvestments) May 7, 2020
ირკვევა, რომ არნოს კუთვნილი ბუტიკების უმეტესობა მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც დაკეტილია. წელს LVMH-ის აქციების ღირებულება 19%-ით დაეცა.
კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის თქმით, არნოს ბიზნესის მომავალი ჩინეთის ბაზარზეა დამოკიდებული, რომელზეც მოდის კიდეც ფუფუნების საგნების მესამედზე მეტის გაყიდვები.
ჯერ კიდევ მარტში მსოფლიოს ოცი უმდიდრესი ადამიანის ქონება მთლიანობაში თითქმის 300 მლრდ დოლარით შემცირდა ბაზარზე კორონავირუსის გავლენის გამო. Forbes-ის ინფორმაციით, მათგან ყველაზე მეტი არნომ დაკარგა.
ამ დროისათვის ბერნარ არნო Forbes-ის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს 90 მლრდ დოლარის ქონებით. პირველ და მეორე ადგილებს Amazon-ის და Microsoft-ის დამფუძნებლები ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი იკავებენ — 141,8 მლრდ და 105,7 მლრდ დოლარის ქონებით.