ორშაბათიდან იტალიამ კორონავირუსთან თანაცხოვრების პერიოდი დაიწყო: სხვადასხვა სფეროს 4,4 მილიონი თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.
პირველად აკრძალვები ორი კვირის წინ შემსუბუქდა, როდესაც გაიხსნა რამდენიმე არასასურსათო მაღაზია. თუმცა მოქალაქეების უმეტესობა, უსაფრთხოების მიზნით, სახლში განაგრძობდა ყოფნას.
4 მაისს იტალიელებს საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებიც იმავე რეგიონში ცხოვრობენ.
შეზღუდვები დარჩა საეკლესიო რიტუალებზე, დახურული ტიპის კაფეებსა და რესტორნებში წასვლაზე. საკვებისა და სასმელის მიღება მხოლოდ ადგილზე მიტანით ხდება. სპორტული ღონისძიებები და მასობრივი ვარჯიშები დაშვებულია მხოლოდ ღია ცის ქვეშ.
იტალიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ივნისის ბოლოს სრულად გაიხსნება ბარები და რესტორნები, ასევე სილამაზის სალონები. ჯერჯერობით არ არის მიღებული კინოთეატრების, ღამის კლუბებისა და თეატრების, სატრენაჟორო დარბაზებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გადაწყვეტილება, ასევე საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება ან დროზე ადრე დასრულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. სკოლები და უნივერსიტეტები მხოლოდ მომავალ სასწავლო წელს გაიხსნება.