ბევრმა ქვეყანამ ინფექციის გავრცელების და სამედიცინო სისტემის ზედმეტი გადატვირთვის შესაჩერებლად კარანტინის რეჟიმი შემოიღო. შედეგად - საწარმოთა უმეტესობამ შეაჩერა მუშაობა, ხოლო მათმა თანამშრომლებმა შემოსავალი დაკარგეს.
ბევრმა კომპანიამ თავისი პერსონალი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა. თუმცა ყველა დამსაქმებელს, მათი საქმიანობის სპეციფიკის გამო, არ აქვს ასეთი შესაძლებლობა. ამიტომ პანდემიის დროს ბევრ ადამიანს უწევს შემოსავლის დამოუკიდებლად მოძიება. ასეთმა სიტუაციამ აიძულა ადამიანები, გადახედონ პრიორიტეტებს არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ თვალი გადაავლონ ახალ პროფესიებს, რომელთა შესრულებაც სახლიდან გაუსვლელად, ანუ ვირტუალურად არის შესაძლებელი.
"Sputnik-საქართველომ" გადაწყვიტა, გაგაცნოთ ის ხუთი პროფესია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს გამოგადგებათ.
ადამიანთა უმეტესობა ადრე ფიქრობდა იმაზე, თუ რა ჩაეცვა და დრო სად გაეტარებინა მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, ახალ რეალობაში კი მათი საზრუნავი ხვალინდელი დღეა — როგორ ირჩინონ თავი.
პრიორიტეტების ცვლილებამ აშკარად აჩვენა, რომ ბევრი მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლებზეც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებაში ოცნებობენ, აზრს კარგავს, როცა საქმე ეპიდემიასა და მასთან დაკავშირებულ ლოკდაუნს ეხება, შრომის ბაზარმა შეცვლა უკვე დაიწყო.
შრომის ბაზარზე კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოქმნილმა სიტუაციამ, ცხადია, შეიძლება გამოიწვიოს ახალი საჭირო პროფესიების გაჩენა, მაგალითად, ვირტუალური მასწავლებლისა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გიხსნით ამ რთულ დროში. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებებმა მუშაობა შეწყვიტეს, ონლაინ-სწავლების საჭიროება უფრო მწვავედ დადგა, ვიდრე ოდესმე.
დისტანციური სწავლება გზას უხსნის პროგრესულ და აქტიურ პედაგოგებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ვირტუალური განათლება ფართოდ გავრცელდება და, შესაძლოა, სტაციონარული სწავლება მთლიანადაც ჩაანაცვლოს. ვირტუალური მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს შორ მანძილზე სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ასწავლის, ნამდვილად მომავლის პროფესიაა.
კურიერის პროფესია, რომელიც მრავალი წელია არსებობს, ამ დღეებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. კარანტინის დროს ონლაინ-მიწოდების სეგმენტის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა კურიერებზეც. ამიტომ ეს პროფესია უბრალოდ აუცილებელი გახდა, რადგან რაც ელექტრონული ფოსტით ვერ გაიგზავნება, ყველაფერი კურიერების დახმარებით მოგეწოდებათ მისამართზე.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კურიერის პროფესია არანაკლებ აქტუალური იქნება პანდემიის შემდეგაც, რადგან იმ დროისათვის ადამიანები მიეჩვევიან ინტერნეტით შეძენას და კომპანიებიც გააგრძელებენ კურიერების დაქირავებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მათი დანიშნულების ადგილზე მიტანაში. ამიტომ კურიერის პროფესია არა მარტო გადაგარჩენთ პანდემიის დროს, არამედ, შესაძლებელია, მომავალშიც უზრუნველგყოთ სამსახურით.
პანდემიის დროს დაგეხმარებათ კოპირაიტერის პროფესიაც. მათ მიერ შექმნილი უნიკალური ტექსტების გამოყენების სფეროც საკმაოდ ფართოა. კოპირაიტერების მუშაობის არსია საქონლის კომპეტენტური აღწერა. ონლაინ-ვაჭრობაში კოპირაიტერები გამყიდველ-კონსულტანტის ფუნქციას ასრულებენ. პანდემიის დროს კი კონტენტის რეგულარული განახლება უამრავ ონლაინ-მაღაზიას სჭირდება.
კორონავირუსის ეპიდემიის დროს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ მოხალისეების დახმარება, რათა იზოლირებული ადამიანები უზრუნველყონ, უპირველესად, საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით, აგრეთვე ამ რთულ დროში აგრძნობინონ მათ, რომ ისინი მარტონი არ არიან. დახმარება უმთავრესად სჭირდებათ ხანდაზმულებს, ადამიანებს ქრონიკული დაავადებებითა და მარტოხელა დედებს.
მოხალისეობა და კეთილი საქმეების კეთება იოლია. ამისათვის სპეციალური განათლება არ არის საჭირო. მთავარია, არსებობდეს გულწრფელი სურვილი დახმარებისა, მათთვის ვინც ამას საჭიროებს.
კარგი IT სპეციალისტი ყოველთვის ფასობს და ნებისმიერ კომპანიაში მოძებნის სამუშაოს, ან დისტანციურად იმუშავებს, კერძო კლიენტების შეკვეთებს შეასრულებს.
ასე რომ, ჩვენ დროში დასაქმებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს არა დიპლომი, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ცოდნა. მომავალში შრომის ბაზარზე მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, რომლისთვისაც უკვე ახლავე უნდა მოვემზადოთ.