თბილისი, 4 მაისი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაონ კორონავირუსული ინფექციის ვაქცინა და განაცხადა, რომ საყოველთაო ლოცვა ეპიდემიის დასაძლევად მომავალ კვირაში გაიმართება, ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ საიტზე.
მისი თქმით, მსოფლიოს მორწმუნეების ერთობლივი ლოცვა კორონავირუსის წინააღმდეგ 14 მაისს შედგება.
„ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს ხალხს, თავიანთი რელიგიის, რწმენისა თუ სწავლების თანახმად, მიმართონ უფალს, აღავლინონ ლოცვა და თხოვნა... რათა მან ბოლო დაუდოს ამ ეპიდემიას, გაგვათავისუფლოს ამჟამინდელი ტანჯვისგან, დაეხმაროს მეცნიერებს წამლის პოვნაში, რათა მან თავიდან ააცილოს მსოფლიოს ამ სერიოზული ვირუსის გავრცელებით გამოწვეული სანიტარული, ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგები“, — ნათქვამია პონტიფიკოსის გზავნილში.
რომის პაპის თქმით, მეცნიერების ძალისხმევა COVID-19-ის ვაქცინის შესაქმენლად უნდა იყოს უანგარო, რათა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს განკურნების შესაძლებლობა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირება 3 524 429 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 247 838 და განიკურნა 1 132 553 კაცი.