თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი 60 წლამდე ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, იუწყება კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.
მისი თქმით, გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა.
„ეს არის ქალბატონი დაახლოებით 60 წლის ასაკის. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ქალბატონი იყო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცით, ბრონქული ასთმით, იყო კოვიდინფიცირების შედეგად განვითარებული ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი. პაციენტი ჯერ მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ვინაიდან ვერ იმართა სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს რატიანმა.
ამგვარად, კორონავირუსიგან გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში ცხრამდე გაიზარდა. დაუდასტურდა 589 ადამიანს. 221 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5260, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 553 პაციენტია.