ჭიათურის მანგანუმი: ჯავშანი და რელსები ომის დროს

© photo: Sputnik / Stringerჭიათურა
ჭიათურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიათურა მდინარე ყვირილას ნაპირზეა გაშენებული. ამ მომცრო ქალაქმა მსოფლიოში სახელი გაითქვა მანგანუმის მდიდარი საბადოს და მისი მომპოვებელი საწარმოს — სს „ჭიათურმანგანუმის“ წყალობით. ის დღემდე — მოპოვების დაწყებიდან 140 წლის შემდეგაც მუშაობს.

დმიტრი ვერხოტუროვი

მართალია, ჭიათურას და „ჭიათურმანგანუმს“ რთული დრო დაუდგა, მაგრამ ამის მიუხედავად, საწარმომ, რომლის მოდერნიზებაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს, 2019 წელს 400 ათასი ტონა მანგანუმის მადანი მოიპოვა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში „ჭიათურმანგანუმს“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მანგანუმი არის უაღრესად საჭირო ნივთიერება ლითონის ლეგირებისთვის, რომელიც ფოლადს ემატება. მანგანუმით ლეგირებული ფოლადი ძალიან მტკიცე, მყარი და გამძლეა. მისგან მზადდება ზამბარები, ინსტრუმენტები, სარკინიგზო რელსები, საფქვავი მანქანებისა და წისქვილების ნაწილები და მრავალი სხვა. საბრძოლო მიზნით ის გამოიყენება ტანკებისთვის, ჯავშანმანქანებისა და ჩაფხუტებისთვის ჯავშნის დასამზადებლად. მაგალითად, 8-С მარკის ფოლადში, რომლისგანაც ამზადებდნენ Т-34-ის კორპუსსა და გუმბათს, ფერომანგანუმის შემადგენლობა 9,3% იყო. 

© courtesy of Georgian Manganeseმარგანეცის გადამამუშავებელი ქარხანა ჭიათურაში
ჭიათურის მანგანუმი: ჯავშანი და რელსები ომის დროს - Sputnik საქართველო
მარგანეცის გადამამუშავებელი ქარხანა ჭიათურაში

ჭიათურა ХХ საუკუნის პირველ ნახევარში, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში მანგანუმის ყველაზე მდიდარი საბადო იყო, შეფასებული 239 მლნ ტონად. პირველ მსოფლიო ომამდე აქ თავმოყრილი იყო მსოფლიო მარაგის 40% და მსოფლიო მოპოვების დაახლოებით ნახევარი. მანგანუმი, ძირითადად, გერმანიაში გადიოდა.

რევოლუციის შემდეგ საბადო დროებით უცხოურ კონცესიაში მოექცა, 1928 წელს კი ქვეყანას დაუბრუნდა. ჩამოყალიბდა „ჭიათურმანგანუმის“ ტრესტი, რომელმაც მზარდი საბჭოთა შავი მეტალურგიის მომარაგება და მადნის მსხვილი პარტიების ექსპორტი დაიწყო. შემდგომში ტრესტი გადაკეთდა კომბინატად, რომელიც ნაწილობრივ ამუშავებდა მადანს კონცენტრატად და ნედლეულით ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას ამარაგებდა. 1940 წელს სსრკ-ში 2,5 მლნ ტონა მანგანუმის მადანი მოიპოვეს, აქედან 1,3 მლნ ტონა - ჭიათურის საბადოზე.

მანგანუმის ნაცვლად ნაღმები

ომმა „ჭიათურმანგანუმს“ მოულოდნელი მხრიდან მიაყენა დარტყმა. გერმანული ჯარის შეჭრამ უკრაინაში, დონბასისა და სსრკ-ში მანგანუმის მნიშვნელობით მეორე, ნიკოპოლის საბადოს ხელში ჩაგდებამ კომბინატი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მან დაკარგა პროდუქციის გატანის შესაძლებლობა. ომამდე მადანი იგზავნებოდა რკინიგზით ფოთის პორტამდე, შემდეგ კი გემებით ან უკრაინაში, ან ექსპორტზე საზღვარგარეთ. მაგრამ უკვე 1941 წლის აგვისტოში ზღვით ნედლეულის გატანა შეწყდა. გარკვეული დროის განმავლობაში მადანი პორტში მაინც იგზავნებოდა ფრონტზე ვითარების მალევე შეცვლის იმედით და 1941 წლის ნოემბერში ფოთში 197 ათასი ტონა მანგანუმი დაგროვდა. 

კონსტანტინე ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
საქართველო მეორე მსოფლიო ომში: ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი

საკრინიგზო ხაზები გადავსებული იყო საომარი და საევაკუაციო ტვირთით, ვაგონები მანგანუმის მადნისთვის არ რჩებოდა. 1941 წლის ოქტომბრის მიწურულს ჭიათურის მანგანუმის საწყობებიც სრულად შეივსო - 325 ათასი ტონა მადნით.

1941 წლის 27 ოქტომბერს გადაწყდა მაღაროს დროებით დაკონსერვება. მაღაროელები და მოწყობილობის ნაწილი საქართველოს ნახშირის მაღაროებში გაგზავნეს. აქ მაღაროელების ჯარში გაწვევის შედეგად კვალიფიციური კადრების მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ, ნახშირზე მოთხოვნილება კი იზრდებოდა. სპეციალისტები ჯავშნით, რომლებიც გაწვევას არ ექვემდებარებოდნენ, ნახშირის მოპოვების გასაზრდელად მიავლინეს. მათ შორის იყვნენ „ჭიათურმანგანუმის“ თანამშრომლებიც და ნიკოპოლის მანგანუმის კომბინატის ევაკუირებული მუშაკებიც.

იმ დროის ნებისმიერ მსხვილ მომპოვებელ საწარმოში მოქმედებდა მექანიკური სახელოსნო, რომელიც ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის შეკეთებით, სათადარიგო ნაწილებისა და ინვენტარის დამზადებით იყო დაკავებული. საქართველოში მაშინ ყველა ლითონის გადამამუშავებელი საწარმო, ქარხანა, საამქრო გადართული იყო იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებაზე. „ჭიათურმანგანუმის“ მექანიკური სახელოსნოც 50 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ნაღმების დამზადებას შეუდგა. 1942 წელს 66,8 ათასი ერთეული, 1943 წელს კი 113,5 ათასი ერთეული გამოუშვეს. 

ტრამვაი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის „ცენტროლიტი“ - გამარჯვების სამჭედლო

შეუცვლელები არსებობენ

ნიკოპოლის დაკარგვამ საბჭოთა კავშირის სამხედრო მრეწველობას მძიმე დარტყმა მიაყენა. 1942 წლის დასაწყისიდან ევაკუირებულმა საწარმოებმა ტანკების გამოშვება განაახლეს. მათ სჭირდებოდათ ჯავშნის ფოლადი, რომლის დასამზადებლადაც აუცილებელი იყო მანგანუმი და ნიკელი. მანგანუმის ყველა სხვა საბჭოთა საბადო სრული დატვირთვით მუშაობდა, თუმცა დანაკლისის შესავსებად ეს საკმარისი არ იყო.

მადნის უკმარისობის გამო 1942 წელს შეიქმნა ჯავშნის ფოლადის სხვა მარკა, რომელშიც ფერომანგანუმი 2%-ს შეადგენდა. თუმცა იძულებითმა ნაბიჯმა Т-34 ტანკის ჯავშნის ხარისხი და სიმტკიცე შეამცირა და გერმანული 50 მმ-იანი ყუმბარებით კორპუსი ადვილად ზიანდებოდა. 

© photo: Oh My Georgia / FBხედი ჭიათურაზე
ჭიათურის მანგანუმი: ჯავშანი და რელსები ომის დროს - Sputnik საქართველო
ხედი ჭიათურაზე

ომის წლებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ისეთი ჯავშანფოლადის შესაქმნელად, რომელსაც ლეგირებისთვის არ დასჭირდებოდა ბევრი ძვირფასი დანამატი - მანგანუმი და ნიკელი. ეს ამოცანა გადაიჭრა. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მანგანუმზე მოთხოვნილება მცირდებოდა. ბრძოლაში ჩაბმულ ეკონომიკასა და ტრანსპორტს სჭირდებოდა რელსები, გადამყვანი ისრები, სამთო-მომპოვებელ მრეწველობას - მყარი საფქვავები და წისქვილები. მანგანუმს ამ ნომენკლატურაში ვერაფერი ჩაანაცვლებდა. 

ჭიათურა მთავარია

სარკინიგზო ხაზებისთვის, რომლებსაც საბრძოლო გადაზიდვების ძირითადი ტვირთი დააწვა, აუცილებელი იყო რელსები მანგანუმის 12-14%-იანი შემადგენლობით. ამიტომ კავკასიისა და სტალინგრადისთვის წარმოებული ბრძოლების დროს, 1942 წლის ივლისში გადაწყდა ჭიათურაში ვაგონების გაგზავნა მანგანუმის გამოსაზიდად ბაქომდე, შემდეგ კი ზღვით - კრასნოვოდსკამდე (დღეს - თურქმენბაში), იქიდან - კვლავ რკინიგზით მაგნიტოგორსკსა და კუზნეცკში, სადაც სსრკ-ის არაოკუპირებული ნაწილის უმსხვილესი მეტალურგიული ქარხნები მდებარეობდა.  

© photo: Sputnik / Fred Greenberg / გადასვლა მედიაბანკშისამრეწველო პეიზაჟი ჭიათურაში
ჭიათურის მანგანუმი: ჯავშანი და რელსები ომის დროს - Sputnik საქართველო
სამრეწველო პეიზაჟი ჭიათურაში

ამასობაში გერმანელები მიტაცებული ნიკოპოლის მანგანუმის საბადოების ექსპლუატაციას შეუდგნენ. ჰიტლერისთვის შედგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მაღაროები ძლიერ დაზიანებულია, მოწყობილობა - გატანილი, შახტები კი - დატბორილი. მინიმალური აღდგენის შემდეგ მოპოვებამ 18,1 ათასი ტონა შეადგინა. თუმცა 1943 წელს მაღაროებში მოპოვებამ ომამდე არსებულ დონეს - თვეში 100 ათას ტონა მადანს მიაღწია. გერმანიის შეიარაღების მინისტრის ალბერტ შპეერის შეფასებით, ნიკოპოლის მადნის დაკარგვით გერმანიას დარჩებოდა რესურსი მხოლოდ 11-12-თვიანი ომისთვის.

ამიტომაც 1943 წელს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა დონბასს შეუტიეს, გერმანელები ნიკოპოლის შესანარჩუნებლად გააფთრებით იბრძოდნენ. ნიკოპოლი არა მხოლოდ საომარი ნედლეულის წყარო იყო, არამედ ხელსაყრელი პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. 1944 წლის 8 თებერვალს ნიკოპოლი გათავისუფლდა, თუმცა ძლიერ დაზიანდა.

დაუყოვნებლივ დაიწყო მაღაროების აღდგენა ჭიათურელების აქტიური მონაწილეობით. 1944 წლის 21 თებერვალს ხელი მოეწერა ბრძანებას „ნიკოპოლ-მანგანუმის“ ტრესტის მუშაობის განახლების თაობაზე, აპრილში კი პირველი შახტიც ამუშავდა. საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა სპეციალური ეშელონი საჭირო აღჭურვილობითა და მაღაროელებით მოპოვების აღდგენის დასაჩქარებლად. თუმცა 1944 წელს ნიკოპოლის საბადომ მანგანუმით მხოლოდ დონბასის შავი მეტალურგიის მომარაგება შეძლო. ასე რომ, ომის ბოლოს ჭიათურა იყო მანგანუმის მთავარი წყარო უკიდურესად საჭირო ფოლადის გამოსაწრთობად, განსაკუთრებით რკინიგზისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა წითელი არმიის შეტევას ევროპისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0