თბილისი, 28 მარტი - Sputnik. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის ერთ-ერთ მღვდელმსახურს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მღვდელმსახურ კ.კ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარედგინა.
გამოძიების მიხედვით, 1986 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ მიმდინარე წლის 20 აპრილს გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას, რომელსაც დაზარალებული ს.ჟ. მართავდა. პროკურატურის ცნობით, დაზარალებულმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და 236-ე მუხლებით წარედგინა.
„პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.