თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ინფიცირებული მედიკოსების უმრავლესობა კორონავირუსით სამუშაო ადგილებზე არ დაინფიცირებულა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედპერსონალის დაინფიცირების საკითხის კომენტირებისას.
ამასთან ტიკარაძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმ რეგიონებში, სადაც ექიმების ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, მედპერსონალის დეფიციტია. მისი თქმით, ქვეყანას და უწყებას საკმარისი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ სტრატეგიულად გაანაწილოს რესურსები იმ რეგიონებში, სადაც მედიკოსების დაინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, შესაბამისად, ამ რაიონებში მედპერსონალის დეფიციტი არ იქნება.
ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო ყველა სამედიცინო მუშაკს პირადი ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება ექიმების დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე, ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ დღეს ისეთი ტრენინგები, რომლებიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებაში. ასევე დეტალურად ვიკვლევთ იმ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ბოლნისში დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთ მედიკოსს, რომლებიც საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით 20 ინფიცირებული მედიკოსის შესახებ. თუმცა, სტატისტიკა მუდმივად იცვლება.
ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე დაიწყო ე.წ. აგრესიული ტესტირება. მისი თქმით, გამოკვლეულია ყველა ის მოქალაქე, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებოდა.
„ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა. როცა ჩვენ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციებს გავდივართ, მათი მიდგომაც სწორედ ისეთია, როგორიც აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისე, როგორიც არის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ გვქონია >>
რაც შეეხება ტესტების მარაგებს, ეს რიცხვი ასევე მუდმივად იცვლება. ქვეყანა ტესტებს შეუფერხებლად იღებს, ხაზგასმით აღნიშნა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 156, გარდაიცვალა ექვსი. კიდევ სამი პაციენტი ჩამოიყვანეს სომხეთიდან და თურქეთიდან, სადაც მათ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. კარანტინში რჩება 5085 ადამიანი, კიდევ 558 ადამიანი სტაციონარებში დაკვირვების ქვეშაა.