„ვერთერი“ ონლაინ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვირტუალურ სპექტაკლზე გეპატიჟებათ

გამოწერა
„ვერთერი“ ჟიულ მასნეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა. იგი მსოფლიოს მრავალ თეატრში რეგულარულად იდგმება.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ოპერის მოყვარულებს ვირტუალურ სივრცეში ოპერა „ვერთერის“ მოსმენას სამშაბათს, 28 აპრილს, 19:00 საათზე სთავაზობს.

ჟიულ მასნეს მუსიკაზე შექმნილი საოპერო ნაწარმოების მოსმენა შესაძლებელი იქნება თეატრის Facebook–გვერდზე.

„ვერთერი“ (ფრანგ. Werther) - სამმოქმედებიანი ლირიული დრამაა, რომელიც ფრანგმა კომპოზიტორმა ედუარ ბლოს, პოლ მიიეს და ჟორჟ არტმანის მიერ გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ (1774) მოტივებზე შექმნილ ლიბრეტოზე დაწერა.

ოპერის პრემიერა ავსტრიაში, ვენის სამეფო ოპერის სცენაზე 1892 წლის 16 თებერვალს გერმანულ ენაზე შედგა. ფრანგულ ენაზე პრემიერა ჟენევაში 1892 წლის 27 დეკემბერს გაიმართა. საფრანგეთში კი ოპერას პირველად 1893 წლის 16 იანვარს პარიზში მოუსმინეს. 

„ვერთერი“ – ჟიულ მასნეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა. იგი მსოფლიოს მრავალ თეატრში რეგულარულად იდგმება.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ალესანდრო ლიბერატორე (ვერთერი), ზაალ ხელაია (ალბერტი), ნიკა გულიაშვილი (მოსამართლე), თამაზ საგინაძე (შმიდტი), ლევან მაკარიძე (იოჰანი), გოჩა გაბიძაშვილი (ბრიულმანი), თეა დემურიშვილი (შარლოტა), ირა იოსებიძე-მამალაძე (სოფი) და ნატალია პაიკიძე (კატჰენი).

დადგმაში ასევე მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბავშვთა გუნდი და ორკესტრი. სადადგმო რეჟისორები – ზაზა აზმაიფარაშვილი და ფაბრიციო კასი, კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი, სცენოგრაფი – ემანუელ ფავრე.

ყველა ახალი ამბავი
0