თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორი „მაგთიკომი“ თავის აბონენტებს აფრთხილებს სატელეფონო თაღლითობის შემთხვევების შესახებ და ურჩევს მათ, არ დარეკონ საზღვარგარეთიდან შემოსული ზარის ნომერზე, თუ ასეთს არ ელოდებიან.
როგორც ოპერატორის განცხადებაშია აღნიშნული, რიგ აბონენტებს დილითა და დღის განმავლობაში საზღვარგარეთიდან გამოტოვებული ზარები დაუფიქსირდა.
„დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან, რომელთა საწყისი კოდებია: 338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367. ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის მონაცემებით, ამგვარი დაფიქსირებული ზარების უკვე გარკვეული ნომრები დაბლოკილია, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ, თუმცა მსგავსი ზარების სხვა ნომრებიდან განხორციელება გამორიცხული არ არის.