თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში 57 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კახეთში, სოფელ ყანდაურაში შემთხვევა 2019 წლის 3 მაისს მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა საკუთარი ოჯახის წევრებს - ძმას, რძალს და დედას და მეზობლებს.
ბრალდებულზე ძებნა 2019 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველად, მკვლელობის დღესვე ბრალდებულის მამა, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, რომელსაც თავისი ვაჟის, რძლისა და მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის მკვლელობა და ასევე თავისი ლოგინად ჩავარდნილი ცოლის დაჭრა ედებოდა ბრალად. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, დანარჩენები ადგილზე დაიღუპნენ. ივლისის ბოლოს ბრალდება გადაკვალიფიცირდა და მკვლელობაში დახმარებით შეიცვალა. ის გასული წლის სექტემბერში 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
გამყრელიძის მეორე ვაჟზე კი ძებნა გამოცხადდა. ოჯახის წევრების ჩვენებებით, მან ტრაგედიამდე ორი დღით ადრე განუცხადა ოჯახს, რომ მიემგზავრებოდა რუსეთში, მაგრამ მის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა არ დაფიქსირებულა. იმ დროიდან ოჯახს მასთან კავშირი არ ჰქონია.
ამავე საქმეზე ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო - შეძენა - შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.