თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებულ ქართველ საოპერო მომღერალს აჩიკო გოგიტიძეს ექიმი შეუყვარდა. პაციენტმა რომანტიკული ისტორია მაყურებელს „პროფილში“ გაანდო.
მისი თქმით, როგორ განვითარდება მოვლენები, არ იცის, ამიტომ ექიმის ვინაობა არ გაუმჟღავნებია, თუმცა გადაცემის წამყვანს დაჰპირდა, რომ კარანტინის შემდეგ გადაცემას მასთან ერთად ესტუმრება.
ბათუმის საოპერო დასის სოლისტს, ნიუ-იორკის ლონგ-აილენდის უნივერსიტეტის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს აჩიკო გოგიტიძეს კორონავირუსი მარტში დაუდასტურდა. მომღერალი ამბობს, რომ მას ჯანდაცვის მინისტრთან დარეკვა დასჭირდა, რათა მისთვის ტესტი აეღოთ კორონავირუსზე. აშშ-დან ჩამოფრენის შემდეგ მომღერალი კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა იქიდან, სიმპტომების მიუხედავად, სახლში ტესტის გარეშე უშვებდნენ. მომღერალი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ტესტის გაკეთებას 10 დღის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა უარს ეუბნებოდნენ. სახლში წასვლის წინა დღეს აღებულმა ანალიზმა კი დადებითი პასუხი აჩვენა. ის ამჟამად თბილისში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარობა დამაკმაყოფილებელია.