თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად, ყოველ ორ კვირაში მოიხსნება ვირუსის გავრცელების დონისა და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.
საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში გადაუხდის>>
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა. 10 დღის შემდეგ დაწესდა კომენდანტის საათი, ხოლო 17 აპრილს აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა სპეციალური ნებართვის გარეშე.
პრემიერის განცხადებით, პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება. ამ დღიდან შესაძლებელი იქნება მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა.
ორშაბათიდან ასევე დაშვებული იქნება ონლაინ–ვაჭრობა - ნებისმიერი პროდუქტის მიწოდება და ღია აგრარული ბაზრების მუშაობა.
მეორე ეტაპზე მოიხსნება შეზღუდვები მშენებლობაზე, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების საქმიანობაზე, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტზე, ამუშავდება რეკრეაციული ზონები.
მესამე ეტაპზე ამუშავდება საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან (გარდა მოლებისა), ბაზრობები, წარმოება და გამომცემლობები.
მოლების, ღია ტიპის კაფეების, ბარებისა და რესტორნების, ასევე სილამაზის სალონების, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისა და ყველა საფინანსო კომპანიის საქმიანობა მხოლოდ მეოთხე ეტაპზე აღდგება.
მეხუთე ეტაპი ითვალისწინებს დახურული ბაზრებისა და კვების დანარჩენი ობიექტების მუშაობის აღდგენას.
სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება>>
მეექვსე ეტაპზე ნებადართული იქნება გართობასთან, სპორტთან და დასვენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა. ამუშავდება აზარტული ბიზნესი, სასტუმროები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.