კახა მამულაშვილს პირველი შვილიშვილი 48 წლის ასაკში შეეძინა. ლელა წურწუმია და მამულიჩა საუკეთესო ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. კონცერტების გარდა, მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილს დაუთმეს. კახა ბაბუა თავისუფალ დროს შვილიშვილს უთმობს და პოზიტიურ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პატარა ბიჭს ბევრი მაყურებელი ჰყავს. აი, რას წერენ ისინი: „ალეს უფრო ხანგრძლივი ვიდეოები რომ დადოთ არ შეიძლება? ვერ ვძღები მისი ყურებით...“; „ვაიმე, რა სიცოცხლე ხარ! ძაღლიც როგორ წყნარადაა“; „როგორც საინტერესო სერიალის სერიებს, ისე ველოდები ალეს გამოჩენას. უსაოცრესი ბიჭია“. მანამდე სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც ალექსანდრე თავისი უშველებელი ძაღლით სეირნობს. ახალგაზრდა ბაბუამ სურათი ასე დაასათაურა - „ალე პირადი მცველით“...
ალექსანდრე მამულიჩას უფროს ვაჟს ნიკოლოზ მამულაშვილს შეეძინა, რომელიც პროდიუსერს პირველი მეუღლისგან ჰყავს. „09.08.2018 ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილი. ამ ქვეყანას პატარა მამულიჩა მოევლინა“, – წერდა კახა მამულაშვილი. ალექსანდრეს მოფერებით ალეს ეძახიან. 2 წლის ალექსანდრე მეგობარ შინაურ ცხოველთან ერთად ხშირად პოზირებს. უახლეს ვიდეოზე კი ძაღლი მოათვინიერა, ყურებზე ეთამაშება, ეფერება და ყოველგვარი შიშის გარეშე თავზე რამდენჯერმე კოცნის.
კახა მამულაშვილს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და ქალიშვილი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. პროდიუსერი ბაბუა 2018 წელს გახდა. ამის შესახებ „მამულიჩამ“ მეგობრებს „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან ახარა.