თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. სხდომას 115 დეპუტატი ესწრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვის საფუძველზე საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით – 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ განცხადება სამშაბათს გააკეთა.
პარლამენტში ბრძანებას მხარი 97-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 10.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს – ისინი ხელისუფლებისგან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას მოითხოვდნენ.
მათ პასუხი გასცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არ ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა 22 მაისამდე გაგრძელდება. ისინი ეტაპობრივად მოიხსნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა კენჭისყრამდე.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს გამოცხადდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 411-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5160 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პაციენტია.