თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ჩვენ გვაქვს სურსათის მარაგი, მისი მოწოდება ქვეყანაში ყოველდღიურად კონტროლდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა.
პირველი არხის გადაცემაში „ბიზნეს-პარტნიორი“ გელა ხანიშვილმა ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ატარებს, აგრობიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე და გამოწვევებზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა.
საქართველო იმპორტჩანაცვლებისთვის პერსპექტიულ დარგებს განავითარებს>>
ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს იმპორტის დივერსიფიკაცია, რომელიც განპირობებული იყო 2012 წელს შეცვლილი პოლიტიური ვექტორით.
„ამ ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, როდესაც ქვეყანამ შეიცვალა პოლიტიკური ვექტორი, ერთი იმპორტიორის და შემომტანის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ბიზნესი დაიშალა და საქართველოში ფაქტობრივად ყველას მიეცა ბიზნესის კეთების საშუალება. დივერსიფიკაციაში ვგულისხმობ, რომ მარტო ზეთის შემომტანი არის 300-ზე მეტი კომპანია. ანუ მოხდა როგორც იმპორტიორი ქვეყნების დივერსიფიცირება, ისე ქვეყნის შიგნით იმპორტიორების რაოდენობის ზრდა“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები ყოველდღიურად აკონტროლებენ ქვეყანაში შემოტანილ საქონელს. რაც შეეხება პროდუქტებზე ფასების სახელმწიფო სუბსიდირებას, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ეს პროექტი კიდევ ორი თვე გაგრძელდება.
„მარაგები გვაქვს. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რა შემოდის ქვეყანაში. ეს ეხება პრაქტიკულად ყველა იმ პროდუქტს, რომელზეც სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს. ცხრა დასახელების უმნიშვნელოვანეს პროდუქციაზე ფასის კონტროლი გათვლილია ორ თვეზე, და ამის მერე ვვარაუდობთ, რომ აღარ დასჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსახლეობას არა აქვს საფუძველი, რომ პროდუქტი პანიკურად იყიდოს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა კვების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოხდება იმ იმპორტიორი კომპანიების სუბსიდირება (ვალუტის კურსის სხვაობის სუბსიდირება), რომლებიც კვების ძირითად ცხრა პროდუქტს ყიდულობენ და შემოაქვთ ქვეყანაში.