თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. „ორდაბასის“ (შიმკენტი) ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ვერ მოასწრო სამშობლოში დაბრუნება და ყაზახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ სპეციალისტმა სპორტულ სააგენტო azerisport-ს უამბო.
„ყაზახეთში დავრჩი - ვერ შევძელი სამშობლოში დაბრუნება. აქაც ყველაფერი მკაცრადაა კარანტინთან დაკავშირებით. ვცდილობ, სახლიდან არ გამოვიდე. საღამოს საერთოდ არ შეიძლება სახლიდან გამოსვლა. ჩემი გუნდის ფეხბურთელები სახლის პირობებში მუშაობენ. ყოველდღე ვაძლევთ დავალებებს და ვატარებთ დისტანციურად“, - განუცხადა ცხადაძემ სააგენტოს ინტერვიუში.
ამასთან, ქართველმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ უკვე აპრილის ბოლოს ფეხბურთელები სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდებიან, მაისის ბოლოსთვის კი ყაზახეთის ჩემპიონატი განახლდება.
2020 წლის სეზონზე ყაზახეთის ფეხბურთის ჩემპიონატის მხოლოდ ორი ტურისა და მესამე ტურის ორი მატჩის ჩატარება მოესწრო. „ორდაბასმა“ მოიგო, წააგო და ფრედ ითამაშა თითო შეხვედრა. შიმკენტის გუნდი ოთხი ქულით მეექვსე ადგილზეა.
ცხადაძე ყაზახეთში მთავარ მწვრთნელად 2016 წლიდან მუშაობს. მისი გუნდი „კაირატი“ ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა, ასევე ქვეყნის სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება „ორდაბასს“, წინა სეზონზე ცხადაძემ გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებამდე მიიყვანა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2009-2014 წლებში ცხადაძე აზერბაიჯანულ „ინტერს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც 2010 წელს ჩემპიონი გახდა.