თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა თამუნა ანთელავა ემსხვერპლა. ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა. ინფორმაციას Imedinews ავრცელებს.
შემთხვევის დროს სახლში ქალის მეუღლე, შვილი და დედა იმყოფებოდნენ. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქალი სახლში, ტელევიზორთან იჯდა.
„ალბათ მთვრალმა გაისროლა. გვითხრეს, რომ 550 მეტრიდან გაისროლეს „მაკაროვიდან“, ნუცუბიძის ქუჩიდან“, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
მომხდარზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.