თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
საპატრიარქოს ცნობით, სასაფლაოები სხვა ეპარქიებშიც იკურთხა.
ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იმართება.
ჩვეულებრივ, კვირას – აღდგომის დღეს, ან ორშაბათს ოჯახები საფლავზე გადიან, მიაქვთ შეღებილი კვერცხი, პასკა და ხშირად სუფრასაც შლიან.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 2020 წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე – მთავრობამ 17 აპრილიდან სასაფლაოებზე გასვლა ათი დღით შეზღუდა.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 20 აპრილისთვის >>
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღეისთვის ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე), აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება. წესების დამრღვევებს პოლიცია აჯარიმებს.