თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი მსმენელს ორშაბათს, 20 აპრილს, 19:00 საათზე იწვევს ვირტუალურ კონცერტზე, რომელზეც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია შესრულდება.
კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოების მოსმენა თეატრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
სიმფონია №9 (რე მინორი), Op. 125 ბეთჰოვენმა 1824 წელს დაწერა. იგი მოიცავს ფრიდრიხ შილერის პოემა „სიხარულის ოდის“ ნაწილს, რომლის ტექსტსაც ბოლო ნაწილში გუნდი და სოლისტები ასრულებენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საკულტო კომპოზიტორმა სიმფონიაში ინსტრუმენტებთან ერთად ადამიანის ხმა გამოიყენა.
სიმფონიის მეოთხე ნაწილი – „სიხარულის ოდა“ ევროკავშირის ჰიმნი გახდა, რომლის არანჟირებაც ჰერბერტ ფონ კარაიანს ეკუთვნის.
მეცხრე სიმფონია მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ იდეის მასშტაბურობითა და შინაარსის სიღრმით მეცხრე სიმფონია ბეთჰოვენის მიერ შექმნილ ყველა ნაწარმოებზე აღმატებულია.
კონცერტში, რომლის მოსმენის შესაძლებლობაც ყველა მსურველს ექნება, მონაწილეობენ დირიჟორი დანიელ ორენი, სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი (სოპრანო), ნინო სურგულაძე (მეცო–სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი) და ლეგი იმედაშვილი (ბანი). წარმოდგენაში ასევე მონაწილეობს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და გუნდი.