თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ მცხოვრებს, ამგვარად იქ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.
ახალი ინფიცირებულები - ადრე დაავადებული ბოლნისელების კონტაქტებია.
როგორც ბოლნისის მერმა დავით შერაზადაშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფიცირებული თანამშრომლის დედაა. სამივე ახალი ინფიცირებული „ბოლნისის სასწრაფო დახმარების კლასტერს“ ეკუთვნის.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 16 აპრილს შეიზღუდა შესვლა და გამოსვლა დაბა კაზრეთში და სოფელ ბალიჭში. შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაკეტა ბოლნისის რაიონული ცენტრი და სოფელი რაჭისუბანი. მანამდე მკაცრი კარანტინი დაწესდა ორ სოფელში - სავანეთი და ქვემო ბოლნისი.
მარნეული და ბოლნისის პირველი მუნიციპალიტეტებია საქართველოში, სადაც 23 მარტს კარანტინი გამოაცხადეს. ახლა კი შეზღუდვები თითქმის 20 დასახლებულ პუნქტს შეეხო.
19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი 394 ადამიანს დაუსვეს, აქედან 86 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 - გარდაიცვალა.