აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

© Sputnik / Alex ShlamovПасха на дистанции - верующие в храме Святой Троицы Самеба
Пасха на дистанции - верующие в храме Святой Троицы Самеба - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაული — ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავია, ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში აღდგომა განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღინიშნება

აღდგომა — უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთის მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ქრისტიანები ერთმანეთს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“

ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.

მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.

აღდგომის კვირისთავი, ანუ მომდევნო კვირა დღე, ხალხური რწმენით, ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა ჯვრისწერისთვის.

სააღდგომო სუფრა

როგორც ვთქვით, ამ დღეს ყველა ოჯახში იშლება სადღესასწაულო სუფრა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა, მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული, სანელებლებით შეკმაზული კერძები, სალათები, საწებლები, ხაჭაპურები, ლობიანები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ.

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები

სააღდგომო ტრადიციები

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღდგომა სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა. ამ ტრადიციათაგან ბევრი დღემდეა შემორჩენილი.

მაგალითად, ყაზბეგში, სოფელ სნოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის სამშობლოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა და აუცილებლად სოფლის მცხოვრებთა ყველა ეზოში შევიდოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი ხმამაღლა იძახდა „ქრისტე აღდგა!“, რასაც ახალგაზრდები ჩვეული ქრისტიანული წესით ერთდროულად პასუხობდნენ — „ჭეშმარიტად!“ მოსულთ ოჯახის წევრებიც გამოეგებებოდნენ პასუხით „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! შეგეწიასთ იმისი მადლი თქვენცა და მთელს თქვენს ხევსა!“. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისს შესაწირი გამოჰქონდა — წინასწარ შეღებილი სააღდგომო კვერცხი, რომელსაც ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ და ხმამაღლა იძახდნენ, ვის სახელზეც იდებოდა კვერცხი. პირველ შესაწირს მოხევეები ოჯახიდან შორს მყოფთათვის და მოგზაურთა სადღეგრძელოდ დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები, უფროსის მიერ დადგენილი რიგის მიხედვით, მონაცვლეობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველად გატყდებოდა. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილით საერთო საზეიმო ტრაპეზი იმართებოდა, ფული კი აუცილებლად სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები

საინტერესო რიტუალი ჰქონდათ ჩვენ წინაპრებს სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის, ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ და ყველისა და კვერცხის პურის კვერებს აცხობდნენ. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.

© მეგი გვენეტაძის პირადი არქივიმეგი გვენეტაძის მოხატული სააღდგომო კვერცხები
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში - Sputnik საქართველო
მეგი გვენეტაძის მოხატული სააღდგომო კვერცხები

რაჭაში აღდგომა დილით, წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას“ ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.

© Photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები

გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა და დღემდე იმართება სოფელ შუხუთში. 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს უკვე მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.

კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0