თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
70 წელზე მეტი ასაკის პაციენტი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში" გარდაიცვალა.
კლინიკის რეგიონული მენეჯერის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, პაციენტი 8 აპრილს შეიყვანეს „მედალფაში", ის გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს, 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
პაციენტის გარდაცვალება დღეს 21:50 საათზე დაფიქსირდა.
ანთაძის თქმით, ინფიცირებულს კორონავირუსის გარდა აღენიშნებოდა სხვა თანხმლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, აბსცესები. მისივე ინფორმაციით, პაციენტი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.
ამგვარად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 პაციენტი გარდაიცვალა, 86 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4971 ადამიანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 519 პაციენტი - ექიმების დაკვირვების ქვეშ. კიდევ სამი პირი საქართველოში სხვა ქვეყნებიდან სამკურნალოდ ჩამოიყვანეს.