თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
გლდანის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული მონაკვეთი წლებია, პრობლემას წარმოადგენს.
„კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს 21 მილიონი ლარის ღირებულების, სამეტაპიანი პროექტის განხორციელება. შუა ნაწილში უკვე მოწყობილია დამჭერი კედელი, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ ზემოთ არსებულ 16 სართულიან კორპუსებს აღარ ემუქრება საშიშროება“, - აღნიშნა გლდანის გამგებელმა.
მიქაუტაძის განმარტებით, იმ ადგილზე , სადაც მიწა ჩამოწვა, გათვალისწინებულია 25-მეტრიანი დამცავი კედლის აშენება, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს.