თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოავლინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – 89 მოქალაქე.
სამართალდამცველებმა კიდევ ოთხი პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. ასევე 10 დღით აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლა.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 17 აპრილისთვის>>
31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.