თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი მრევლის ხელშია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ხუთი დღით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება >>
„ამ ეტაპზე, გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში უპირველესად მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს და მგონი, არც სხვებს უთქვამთ, რომ დიახ, ახლა მრევლის ხელშია ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
აღდგომის ღამეს სახლში დარჩენა ურჩია მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც.
„მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. წელს ეს აღდგომა გადავიაროთ, უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა ისევ დუნე ტემპით მოხდეს ინფექციის მატება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნებისმიერი თავყრილობა საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საქართველოში არსებობს კორონავირუსის ისეთი შემთხვევები, რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში უკვე არის და არ არის ცოტა ეს შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩვენს გვერდით არიან, ისინი შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ. ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი უკვე შეიძლება იყვნენ გადამდებნი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება ადამიანები კიდევ უფრო მოერიდონ ერთმანეთს.
მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომას აღნიშნავს. მოახლოებული დღესასწაულის აღნიშვნის საკითხი საპატრიარქოსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საგანი გახდა.
სამშაბათს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, 14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომაზე, 19 აპრილის ღამეს მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარს დატოვებს დილის ექვს საათზე. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 16 აპრილის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 558 პაციენტია.