თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა, შესაბამისად, ქვეყანაში სულ 71 გამოჯანმრთელებული ადამიანია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ორივე გამოჯანმრთელებული პაციენტი მკურნალობას გადიოდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. კიდევ რამდენიმესთან პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სულ 48 პაციენტი განიკურნა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306-ს მიაღწია, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 5034 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პაციენტია. კიდევ სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა სხვა ქვეყანაში და ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
15 აპრილიდან ათი დღით დაიკეტა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გახანგრძლივდება. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.