თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა დააჯარიმეს რომაელი ქალბატონი, რომელიც, კარანტინის მიუხედავად, ქუჩაში გავიდა თავისი კუს გასასეირნებლად, იუწყება Corriere della Sera.
Coronavirus, passeggiata molto lenta con la tartaruga al seguito: multatahttps://t.co/LwPqao4f9L pic.twitter.com/zN4SmD7JsX
— dada (@dadababako1966) April 14, 2020
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კარაბინერებმა 60 წლის ქალს ახსნა–განმარტება მოსთხოვეს და კუს ჰაერზე გასეირნება გადაუდებელ აუცილებლობად არ შეაფასეს.
„კუ ძაღლი არ არის“, — უთხრეს სამართალდამცველებმა ქალს.
რეპტილიის პატრონს ჯარიმა გამოუწერეს და შინ დაბრუნება მოსთხოვეს, რის შემდეგაც ქალმა თავისი კუ ხელში აიყვანა და სახლისკენ გასწია.
გაზეთ Corriere della Sera–ს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქუჩაში გასასვლელად ცხოველებს იმიზეზებენ. ირკვევა, რომ გასულ კვირას რომის პოლიციამ დააჯარიმა ქალი, რომელიც, მისი თქმით, კურდღლისთვის სტაფილოს საშოვნელად გავიდა ქუჩაში.
იტალიაში საკარანტინო ზომები 10 მარტიდან მოქმედებს, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას ეკრძალება ქუჩაში მოძრაობა გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე. აღნიშნული წესის დარღვევა 3 ათას ევრომდე ჯარიმით ისჯება.