თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის შემოღება დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეზე და მედიკოსების მზადყოფნაზე წინ აღუდგნენ პანდემიას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
თბილისი იკეტება – საქართველოს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ამკაცრებს >>
14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს, ამასთან ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთბაშად 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების სტადიაზე გადავიდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელა.
„იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ყველაფერი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე და ვირუსის გავრცელების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული.
„ამ მდგენელების განვითარებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის 24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე“, - განაცხადა გახარიამ.
დღეისათვის საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, სამ კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის საკმაოდ მოზრდილი ჯარიმებია დაწესებული.