თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ქვეყანაში ბევრი ადამიანი არღვევს რეგულაციებს, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში ათასობით ინფიცირებული იქნება, რასაც ჯანდაცვის სისტემა შეიძლება ვერ გაუმკლავდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ით გაიზარდა, რაც ეპიდაფეთქების დაწყებიდან პირველი შემთხვევაა.
„გუშინ, გუშინწინ დავინახე ისევ ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. რადგან, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მოდუნება და დამშვიდება დაუშვებელია, რადგან მომავალი ორი-სამი კვირა ძალიან მძიმე იქნება.
„ძალიან ბევრ ინსტიტუტს და საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ძალიან ბევრი მოდელირების მეთოდები. არც ერთ ქვეყანაში ერთი ერთზე არ ემთხვევა, ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და მათ შორის ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოსთვის კი ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.