თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მამაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმამოდ იზრდებოდა და დიდი ხანი არ იცოდა, ვინ იყო მისი მამა. მსახიობს წლების განმავლობაში ეგონა, რომ ლენა ყიფშიძის და ეროსი მანჯგალაძის შვილი იყო, მოგვიანებით კი გაიგო სიმართლე, რომ მისი მამა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი ყოფილა.
„მამა საერთოდ არ არსებობდა, როგორც ასეთი. დიდი ვიყავი უკვე, როდესაც მამის შესახებ გავიგე. სულ ვკითხულობდი, ვინ არის მამაჩემი. სოფელში მეუბნებოდნენ, ეროსია მამაშენიო. ბოლოს უკვე ტვინი რომ წავიღე, მითხრეს, ისაა, თეატრში ყველაზე ბევრს რომ გეფერებაო. ვინ-მეთქი და ბატონი ავთანდილ ვერულეიშვილიო. ვერულეიშვილი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არ ყოფილან შეუღლებულები, ნაბიჭვრის მომენტია. ამის გამო ერთხელ ეზოში ჩხუბიც მომიხდა, ეს მაკადრეს, რაც ახლა ვაკადრე ჩემს თავს“, - ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, უფროსი ძმაც ჰყავდა, რომელსაც ასევე ზურა ერქვა და გარდაიცვალა. როდესაც მამის ოჯახი გაიცნო, მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის მამის მეუღლესთანაც.
ზურა ყიფშიძე ძალიან პოპულარული მსახიობია. შესრულებული აქვს არაერთი თეატრალური, თუ კინოროლი. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ. ლენუკა ყიფშიძე ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება და მის ოჯახს ნაკლებად იცნობენ.