თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. მარსზე წყლის საკმარისი რაოდენობაა, რაც ადამიანებს წითელ პლანეტაზე დასახლების საშუალებას აძლევს — ხელოვნურად შექმნილ ხელსაყრელ პირობებში, აცხადებს კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი მაქსიმ ლიტვაკი.
მისი თქმით, მარსის წყლის მარაგი დიდი ხნის განმავლობაში იქნება საკმარისი მომავალი კოლონიზატორებისთვის.
„ჩვენ ვიცით, რომ მარსზე ყინულის უზარმაზარი რაოდენობაა... თუ ამ ყინულს გავადნობთ, მივიღებთ ათობით მეტრი სიღრმის წყლის მარაგს, რომლის გახარჯვა არც ისე მარტივია — კოლონიზატორებს ის დიდი ხნის განმავლობაში ეყოფათ“, — ამბობს ლიტვაკი.
მეცნიერის თქმით, გარდა ყინულისა, მარსის ეკვატორულ რაიონებში აღმოჩენილია წყლის მარაგიც, თუმცა მასთან დაკავშირებით მკვლევართა მოსაზრებები იყოფა. ზოგი ვერსიით, ეს შესაძლოა იყოს ქიმიური წყალი ან რელიქტური ყინულის ნარჩენები.
მაქსიმ ლიტვაკი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობა მომავალში გადაწყვეტს მარსის ათვისება–კოლონიზაციას და იქ დედამიწასთან მიახლოებული საცხოვრებელი პირობების შექმნას.
„შესაძლოა რაღაც მომენტში ადამიანებმა დედამიწაზე დაბრუნება აღარც მოისურვონ და, შესაბამისად, პლანეტის სათავისოდ „მორგებას“ დაიწყებენ“, — ამბობს მეცნიერი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე NASA-ს სპეციალისტებმა მარსზე პილოტირებული ფრენის რეალური პერსპექტივები შეაფასეს და განაცხადეს, რომ ეს 2039 წელზე ადრე ვერ მოხდება. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ „აშშ წითელ პლანეტაზე დროშას ძალიან მალე აღმართავს“.